ინოვაციური მეურნეობა ბაზალეთთან “მწვანე მიზნებით“

მზის პანელები, ქარის სადგური, ნარჩენებისგან მიღებული სითბური ენერგია – ეს ის არასრული ჩამონათვალია, რასაც ზაალ ხელაძემ, მწვანე ინჟინერიის მიმდევარმა, ერთ სივრცეში მოუყარა თავი. ბაზალეთის ტბის სიახლოვეს დასახლებულთა მიზანია “მწვანე მიზნების” მიტანა საზოგადოებამდე, საამისოდ კადრების მომზადება და მათი დასაქმება. აქ დაამზადეს ვაშლის ნაყოფისგან მიღებული დაბალალკოჰოლური სასმელი, სიდრი, რომელიც ასევე ენერგოეფექტური გზით მიიღება. მოკლედ, თუ მთლად ტბის ძირას ოქროს აკვანი ვერა, ტბის პირას ინოვაციური საქმეებისთვის ადგილი იპოვეს. მოიხმარენ ეკოლოგიურად სუფთა ენერგიას, რომელსაც თვითონ გამოიმუშავებენ. ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში ნარჩენების მაქსიმალურად მოხმარებაც, რაც მთავარია, ყოველივე ამას ზურგს ცოდნა უმაგრებს – ბატონი ზაალი მეცნიერია, გეოფიზიკოსი.

– 10 წლის წინ მოვედით აქ, თუმცა საცხოვრებლად სამი წლის წინ დავრჩით. ჩვენი მიზანი იყო ბუნებაში აგვეშენებინა ისეთი შენობა, დაგვეწყო ისეთი საქმე, რომელიც თვით ბუნებას ნაკლებად შეაწუხებდა, თან გვინდოდა გვეცხოვრა ჯანსაღ ადგილას ჯანსაღი ცხოვრების წესით.

– როგორც ვიცი, თბილისში გაყიდეთ სახლი და ახლა ბაზალეთის ტბის პირას ცხოვრობთ.

– თბილისში გვქონდა ქონება, სახლი, ბიზნესი. გავყიდეთ, აქ გადმოვედით და გვინდა დარჩენილი ცხოვრება აქაურობის განვითარებას მივუძღვნათ. შორს მიმავალი მიზნები გვაქვს.

– მაინცდამაინც ბაზალეთის ტბასთან რატომ გადაწყვიტეთ დასახლება?

– მიზეზი ბევრია. მთავარი ის არის, რომ ძალიან მოგვეწონა აქაური ლანდშაფტი. ჩავთვალეთ, რომ ჩვენი საქმიანობა, რომელიც გარემოს დაცვას უკავშირდება, კარგად წარიმართებოდა. გვინდოდა ბიზნესთან დაგვეკავშირებინა გარემოსდაცვითი მიზნები, დაგვენახებინა, რომ ქალაქგარეთაც შეიძლება აკეთო ბიზნესი, იქ, სადაც არ არის ხმაურიანი ქალაქი და არც ბიზნესი იქნება მოწყვეტილი ინოვაციურობასა და რეალობას.

– პრაქტიკამ რა აჩვენა, ჩანაფიქრები მოერგო გარემოს?

– ჩვენი ჩანაფიქრი ჯერ კიდევ ვითარდება და, ალბათ, დიდხანს განვითარდება. არა ვართ უკმაყოფილო, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ. ამ გარემოში ვცხოვრობთ და თანამედროვე ტექნოლოგიებს ვავითარებთ. კმაყოფილი ვართ მეც, ჩემი მეუღლეც და შვილებსაც მოსწონთ. ასე რომ, ინტერესთა კონფლიქტი არა გვაქვს.

– როგორც აღნიშნეთ, მზე დედამიწის მოსახლეობისთვის სხვა სამყაროს საჩუქარია და თქვენ მზის ენერგიას, ამ საჩუქარს, აქტიურად იყენებთ.

– კი, მზის ენერგიაზე მიყვარს საუბარი და ამ აზრამდეც მივედი, რომ ის მართლაც საჩუქარია. ჩვენი ვარსკვლავი ბევრ საჩუქარს გვიგზავნის, მათ შორის, ენერგიასაც, თანაც პოზიტიურს. ჩვენც აღვიჭურვეთ ამ საჩუქრის მისაღებად, დავახვედრეთ მრავალი ხელსაწყო-დანადგარი. აქ მზის ენერგიას ბევრ რამეში ვიყენებთ. სახლიც ისე ავაგეთ, რომ შიგ მზის სხივები მაქსიმალურად შესულიყო. გვაქვს მზის კოლექტორები, რომლებითაც ვიღებთ ცხელ წყალს, გვაქვს მზის ფოტოელემენტები. გვაქვს ისეთი შენობა, რომელიც თავისი არსებობით ნაკლებად აწუხებს გარემოს, მინიმალიზებულია დანახარჯი გათბობაზე, ელექტროენერგიაზე…

– გარემოდან მიღებულ საჩუქრად კიდევ რას მიიჩნევთ, რასაც შემდგომ თქვენს სასარგებლოდ გარდაქმნით?

– მიწის სითბოს ჩვენი შენობის ტექნიკური საჭიროებისთვის ვიყენებთ, ასევე ბიომასას (ნარჩენებს) ენერგიად გარდავქმნით. ვაგროვებთ წყალს (ნებისმიერი ტიპის ნალექს) მწვანე სახურავის მეშვეობით – სპეციალური მწვანე საფარი გვაქვს, რომელიც წყალს იწოვს, შემდგომ მას ვფილტრავთ და სხვადასხვა მიზნით ვიყენებთ. ფილტრები ბუნებრივი გვაქვს. პრაქტიკულად ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ.

– თქვენი ცოდნით, ფაქტობრივად, დაამტკიცეთ, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია…

– სასწაული არ გაგვიკეთებია, იმ ცხოვრების წესით ვცხოვრობთ, როგორითაც ყველა ადამიანი უნდა ცხოვრობდეს. მაქსიმალურად ვცდილობთ ნაკლებად შევაწუხოთ დედამიწა ჩვენი არსებობით, რათა მომავალ თაობას ბუნება შევუნარჩუნოთ და ბუნებამაც შეძლოს მათი ორგანული წესით გამოკვება. მეც და ჩემი მეუღლეც ბუნებისმეტყველების დარგის მეცნიერები და სპეციალისტები ვართ, უნივერსიტეტში გეოლოგიის ფაკულტეტზე ვსწავლობდით, შემდგომ გეოფიზიკის ინსტიტუტში ვმუშაობდით და დისერტაციაც იქ დავიცავით. აქ ეს ცოდნა გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმარა.

– სიდრიც თქვენი შექმნილი მნიშვნელოვანი პროდუქტია…

– აქ რამდენიმე საწარმოს ვამუშავებთ, მაგალითად, ვაკეთებთ სიდრის დისტილატს. სიდრს რომ ვაწარმოებთ, ამისთვის ორგანული წესით გვაქვს შენობა აგებული, რომელშიც სიდრის საცავია. ვიყენებთ პერმაკულტურის ელემენტებს. ამ პრინციპებითვეა აშენებული მარანი, ანუ იმავე მიწით, რომელიც აქ მშენებლობის დაწყების წინ ფუნდამენტიდან ამოვიდა. იმ მიწის ალიზიან ნარევში ნამჯაა გარეული.

– ამ სახით ნაწარმოები სიდრი, მგონი, პირველია საქართველოში.

– არ მსმენია, რომ ასეთი მასშტაბით სიდრი ეწარმოებინოთ, თუმცა ცდილობენ. ჩვენ სიდრთან ერთგვარი მოწიწება, სიახლოვე გვაკავშირებს. თვითონ ვაშლი ისეთი პროდუქტია, რომელთანაც ადამიანს არ შეიძლება “სიახლოვე” არ ჰქონდეს, ის ენდემურია, “ქართველი”, როგორც არაერთი წყარო ადასტურებს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი სიდრი ქართული, ორგანული ვაშლისგან მზადდება. ეს პროდუქტი ხომ ბევრი რამის დასაბამია. მას უკავშირდება არაერთი ისტორია (ადამის და ევასი, ვაშლისა და ნიუტონის)… გული გვწყდებოდა, რომ საქართველოში უამრავი ვაშლი გამოუყენებელი იყო.

– თავადაც ხომ გაქვთ ვაშლის ბაღი გაშენებული.

– კი, მაგრამ ეს იმხელა არა, რა რაოდენობის სიდრსაც ვაწარმოებთ. ორგანული წესით მოპოვებულ ვაშლს კერძო მებაღეებისგან ვყიდულობთ. ამის გამო ჩვენი სიდრი მრავალსახეობრივი და ორი მიმართულებისაა: ერთი ფერმენტირებულია, წვენით დაწყებული დაღვინებამდე პროდუქტი სულ წნევაგამძლე ბოთლშია. არის მეორეც – ჩამოსასხმელი სიდრი. გვაქვს ვაშლის სხვა პროდუქტებიც, მათ შორის ვაშლის ძმარი.

– რამდენ ხანში დაეუფლეთ ამ ტექნოლოგიას?

– 7-8 წლის წინ დავიწყეთ, თავიდან ყველაფერს სარდაფში პირადად ვაკეთებდი, კარგი კი გამომდიოდა, მაგრამ მალე მივხვდი, რომ ამ საქმეს აკადემიური განათლება სჭირდებოდა. აკადემიურ განათლებას წიგნები მოჰყვა, უცხოეთიდან ვიწერდი, შემდგომ იყო ვიზიტი უცხოეთში და დღეს გვყავს კონსულტანტები: ფრანგი მეღვინე და ფრანგი სომელიე, რომლებიც გადაწყვეტილებების მიღებაში მეხმარებიან. გვყავს უცხოელი შეფ-მზარეულიც, რომელიც სიდრთან ჰარმონიზებულ კერძებს ამზადებს, რადგან სტუმრებისთვის სადეგუსტაციო სივრცე გვაქვს. ყველა სიდრს შესაბამისი საკვები აქვს და ყველა საკვებს – თავისი სიდრი. ამ ყველაფერს აქ ჩვენი მეგობრების დახმარებით ვაკეთებთ. გვაქვს ასევე სიდრი, რომელსაც ვადუღებთ უჟანგავ რეზერვუარებში.

სიდრს ვამზადებთ არა მარტო ვაშლისგან, არამედ სხვადასხვა ხილისა თუ კენკრისგან.

– სამუშაო ადგილებიც შექმენით?

– ჩვენ ახლოს იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაა, სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობა ცხოვრობს და ისინი მყავს დასაქმებული – აქ 17 კაცი მუშაობს. ისინიც ჯერ სწავლობენ ამ ყველაფერს და მერე საქმდებიან.

– რა უნდა გავაკეთოთ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი იმავე პრინციპებით ცხოვრობდეს, როგორითაც თქვენ?

– ყველამ საკუთარ თავს უნდა დავუსახოთ ამოცანა, სრულად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობები და საკუთარ თავს მოვთხოვოთ პასუხები შედეგებზე. არ უნდა შეგვეშინდეს გაბედული ნაბიჯების გადადგმის.

საკონფერენციო სივრცის დაჯავშნა

დაჯავშნეთ ჩვენი მწვანე საკონფერენციო ოთახები თქვენი კორპორატიული ღონისძიბების, ტრეინინგებისა და ვორქშოფებისთვის.

დაჯავშნა

0
    0
    ESCO-S Cart
    Your cart is emptyReturn to Shop